სამოქალაქო კლუბი ,,მომავალი ჩვენია“
კლუბის მიზანი:
სამოქალაქო კლუბი ,,მომავალი
ჩვენია“, ფუნქციონირებს ქალაქ ქუთაისის მე-15
საჯარო სკოლაში.
კლუბის მიზანია:
ü მომავალი აქტიური მოქალაქის , ღირსეული პიროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სიტყვა-მოქალაქე გააზრება,
21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბება და პიროვნული განვითარება.
ü ამ კლუბში ჩართული ახალგაზრდები გარდა იმისა,
რომ მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას, ჩამოუყალიბდებათ
აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევები, რომელიც სამომავლოდ
დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
ü მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სამოქალაქო კლუბის პროექტების დაგეგმვაში,
განხორციელებასა და ჩატარებაში. ისინი გუნდურობის პრინციპით იმუშავებენ სამოქმედო გეგმასა
და მათ განხორციელებაზე.
ü კლუბში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ურთიერთთანამშრომლობის
პრინციპს და რაც მთავარია მშობლების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში.
●
იდეებისა და აზრის ნათლად
და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
●
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური
მუშაობის უნარის დემონსტრირება;
●
საერთო მიზნების მისაღწევად
საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
იდეა
თაობებისთვის სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება და პიროვნული განვითარების ხელშწყობა.
კლუბში გაწევრიანების ლინკი ,,მომავალი ჩვენია"
სამოქალაქო კლუბის დებულება
საქართველო
სსიპ ქუთაისის N15 საჯარო სკოლა
სამოქალაქო კლუბი ,,მომავალი ჩვენია“
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი
1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს
სამოქალაქო კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის
ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე
სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი
2. სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები
სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნებია:
1. ახალგაზრდების, როგორც აქტიური
მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა
სკოლებში;
2.
ახალგაზრდების დახმარება
ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
3.
ახალგაზრდების გააქტიურება
და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
4. სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
5. მოზარდებში
სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
6. მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
7.
განათლების და
ინფორმირების მდგრადი გარემოს
შექმნა
მუხლი
3. სამოქალაქო კლუბის
ფუნქციები:
1. სამოქალაქო
კლუბის აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
ü სკოლის სხვადასხვა შიდა და
სათემო პრობლემის გადაწყვეტა;
ü მოსწავლეების
ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
ü სხვადასხვა
სასკოლო და სკოლისგარეშე სათემო აქტივობების
ინიცირება და განხორციელება;
ü ადგილობრივ
თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა;
ü ახალგაზრდების
ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
ü მჭიდრო
თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან, არასამთავრობო,
საერთაშორისო, ბიზნეს და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად სხვადასხვა
აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
ü მოსწავლეებში
სამოქალაქო განათლების სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო პროექტებში მონაწილეობის
წახალისება.
2. სამოქალაქო
კლუბის მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტიკცება
მუხლი
4. სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას, კოლეგიალურობას.
სამოქალაქო კლუბი იმუშავებს 4 ძირითადი
მიმართულებით:
1.საგანმანათლებლო ჯგუფი
2.საინფორმაციო ჯგუფი
3.სოციოლოგიური ჯგუფი
4.ადვოკატირების ჯგუფი
თითოეულ ჯგუფი კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე
შეადგენს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს რიგ აქტივობებს.
საგანმანათებლო ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო კლუბის
შეხვედრებს, ტრენინგ-სემინარებს, თანატოლთა განათლების აქციებს, სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო
საკითხებზე.
საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის
მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება. კლუბის წევრები ინფორმაციას
მოიპოვებენ და გაცვლიან ონლაინ რეჟიმში. სამოქალაქო კლუბის ბაზაზე დაფუძნდება საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანი იქნება მოსწავლეთა განვითარებისა და
თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერის გზით. ცენტრის ძირითადი
ამოცანები იქნება: ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ მოსწავლეების
ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა,
მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
პროცესებში. საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს 2 ძირითადი მიმართულებით - ფორმალური
და არაფორმალური მიმართულებებით.
საინფორმაციო ჯგუფი აქტიურად
ითანამშრომლებს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
სოციოლოგიური ჯგუფი წევრები
ორგანიზებას გაუკეთებენ კვლევებს მათთვის აქტუალურ
და საინტერესო საკითხებზე, შეისწავლიან ზოგად სიტუაციას. ჯგუფის წევრები საჭიროებებიდან გამომდინარე მოამზადებენ თავიანთ
წინადადებათა პაკეტს და მოაწყობენ კვლევის პრეზენტაციებს.
ადვოკატირების ჯგუფი იმუშავებს საპროექტო
წინადადებების მომზადებაზე და დაამყარებს თანამშრომლობას სხავდასხვა
ორგანიზაციებთან, განახორციელებს აქციებს მოსწავლეთა ინრტერესების დასაცავად,
მონიტრინგს გაუკეთებს განხორციელებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს სამომავლო მოკლე
და გრძელვადიან გეგმებს.
მუხლი
5. სამოქალაქო კლუბის წევრი
სამოქალაქო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,
რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს
საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და სამოქალაქო კლუბის წევრი
იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი
მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.
სამოქალაქო კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს
კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს
მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა
უფლება-მოვალეობანი
სამოქალაქო კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და
წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
სამოქალაქო კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას
კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და
ავტორიტეტს;
გ) აქტიური
მონაწილეობა მიიღოს
სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი
6. სამოქალაქო კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს
კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან
და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის
ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების
საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე
ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს
და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების
დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პროგრამების
მუშაობას სკოლის ადმნისტრაციასთან ერთად;
ი) უზრუნველყოს საინფორმაციო
კამპანიების, დებატების
ორგანიზების,
სხვადასხვა
აქტუალურ
საკითხებზე
და
სათემო
პრობლემების
გადაწყვეტაზე
ორიენტირებული
აქტივობების, სპეციალური
სტუმრების
მიწვევის, ტრენინგების, სემინარების, სადისკუსიო კლუბის შეხვედრების, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას;
კ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს
ანგარიშს;
ლ) ასრულებს
სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში
თავი
II
დებულება
ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო
ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1.
კლუბის
წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს
მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს
მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა
თუ მისიის განხორციელებისას.
2.
კლუბის წევრები
და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ
ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს
მინიჭებულ ნდობას.
3.
კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად
ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის
პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი
დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია,
საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები
და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ
საკუთრებას.
4.
სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო
პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა,
საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის
სასწავლო სემესტრს;
ბ) სამოქალაქო კლუბი შეხვედრას მართავს კვირაში ერთჯერ
წევრებთან შეთანხმების საფუძველზე
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის
დასრულების შემდეგ.
იანუშ კორჩაკის რჩევები მშობლებს
"ეცადეთ, ბავშვებმა არ გაგაღიზიანონ, არასდროს. მაშინაც კი, როდესაც კარზე ყოველ დაკაკუნებაზე მირბიან მის გასახსნელად და ფეხებში გედებიან. გახსოვდეთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ — იმ კარის უკან დგას უფროსი, რომელიც ვერ შემოვა, თუ პატარები არ დაეხმარებიან. შეაჩვიეთ ბავშვი სხვისი დახმარებით და მხარდაჭერით მიღებულ ბედნიერებას! ასწავლეთ ბავშვებს სიყვარული!".
"ნუ ელოდები, რომ შენი შვილი ისეთივე იქნება როგორიც შენ ხარ ან როგორიც შენ გინდა იყოს, არამედ დაეხმარე მას, რომ მან იპოვოს საკუთარი თავი".
"არ მოითხოვოთ ბავშვისგან გადასახადი იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ მისთვის. შენ მას სიცოცხლე მიეცი, როგორ გადაგიხდის ის მადლობას? ის მისცემს სხვას სიცოცხლეს, სხვა სხვას მისცემს სიცოცხლეს და ეს არის შეუქცევადი კანონი მადლიერებისა".
"ნუ გადაიტან შენს სიბრაზეს ბავშვზე, რათა სიბერეში არ იგემო მწარე პური, რადგანაც რასაც დასთესავთ, იმას მოიმკით".
"ნუ შეხედავ მის პრობლემებს ზემოდან. ცხოვრება ყველას ეძლევა თავისი შესაძლებლობების მიხედვით და იყავი დარწმუნებული, რომ მისთვის ცხოვრება არანაკლებ რთულია, ვიდრე შენთვის და შეიძლება კიდევ უფრო მეტად რთულიც კი, რადგან მას არა აქვს გამოცდილება".
"ნუ დაამცირებთ მას".
"არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ადამიანისთვის, შვილებთან შეხვედრებია. მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ, ჩვენ არ ვიცით, ვინ გამოვა ჩვენი შვილების სახით მომავალში".
"ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება თქვენი შვილისთვის. გახსოვდეთ, ბავშვისთვის არასაკმარისად გაკეთებული მაშინ იქნება თქვენი საქმე, თუ არ იქნა გაკეთებული ყოველივე, რაც თქვენს ძალებში შედის".
"ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც ეუფლება მთელ შენს ცხოვრებას. ის არ არის მხოლოდ ნაყოფი ხორცისა და სისხლისა. ბავშვი არის ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც ცხოვრებამ მოგცა, რათა შეინახო და განავითარო მასში შემოქმედებითი ცეცხლი. ეს არის თავისუფალი (ალბათ უფრო მეტად “თავნება”) სიყვარული მამისა და დედის, რომლებიც გაზრდიან არა “ჩვენს” და არა "ჩემს" ბავშვს, არამედ დასაცველად მიბარებულ სულს".
"იცოდე სხვისი ბავშვის სიყვარული. არასოდეს გაუკეთოთ სხვის ბავშვს ისეთი რამ, რაც თქვენ არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთოს სხვამ".
"გიყვარდეს შენი შვილი მისი წარუმატებლობის შემთხვევაშიც, იქონიე მასთან ურთიერთობა, იმხიარულე მასთან ერთად, რადგან ბავშვი დღესასაწაულია".
2023-2024 სასწავლო წლები
ყველა აქტივობა განხორციელდება სკოლაში არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბებული კლუბის წევრების ჩართულობით და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
დემოკრატია ბერნული სიტყვაა და „დემოს“ „კრატეინ“ ნიშნავს ხალხის
მმართველობას, რაც თავისთავად წარმოადგენს თავისუფალი აზრის არსებობას.
არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალეობა კი ხალხის მმართველობის ერთერთი ფორმაა.
არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესის უმთავრესი შემადგენელი
ნაწილია. არჩევნებით განისაზღვრება საზოგადოების და მთლიანად ქვეყნის
მომავალი.
ხალხის ნება ძალაუფლების საფუძველია: ეს ნება გამოხატული უნდა
იყოს პერიოდული და ჭეშმარიტი არჩევნების მეშვეობით, რომლებიც უნდა
ეფუძნებოდეს საყოველთაო და თანასწორ ხმის უფლებას და უნდა ჩატარდეს
ფარული კენჭისყრით, ან ხმის მიცემის ექვივალენტური თავისუფალი
პროცედურების გამოყენებით”.
,,იცოდე შენი უფლებები და უარი უთხარი კიბერბულინგს“
1. პროექტის პრეზენტაცია
სამოქალაქო კლუბის წევრებმა კლუბის ლიდერთან, მენეჯერებთან და კოორდინატორებთან ერთად დაიწყეს პროექტის ,,იცოდე შენი უფლებები და უარი უთხარი კიბერბულინგს“ განხორციელება. წარმოდგენილ იქნება პროექტის მიზანი და ძირითადი მიმართულებები.
მიზანი: სკოლაში კიბერბულინგის შესახებ შესაბამისი აზროვნებისა და
თვითშეგნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მოსწავლეების ინფორმირება და შესაბამისი ბლოგის
მომზადება.
განხილულ იქნება პროექტის ძირითადი აქტივობები და შემუშავებულ იქნა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
2.,,რა არის კიბერბულინგი?“-ვორკშოფი, ჯგუფური მუშაობა.
პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრები შეთანხმდნენ ძირითად მიმართულებებზე: კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ბულინგია, რომელიც სოციალური მედიის, შეტყობინებებისა თუ თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით ხდება.
იგი განმეორებადი ქცევაა, რომელიც სამიზნე ადამიანის დაშინებას, შერცხვენას თუ გაბრაზებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის მონაწილეები დაიყვნენ ოთხ ძირითად ჯგუფად, სადაც თითოეული ჯგუფი განიხილავდა სხვადასხვა საკითხს: 1. კანონი 2. მორალი 3 და 4 ჯგუფი მუშაობდა სიტუაციურ ამოცანებზე. ჯგუფური მუშაობის შემდეგ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები.
3. ,,როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისგან?“ შეხვედრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთან
კიბერბულინგის შეჩერება გაცილებით რთულია. ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს ღილაკი „წაშლა“, რომელიც გასაჯაროებულ ინფორმაციას სრულად წაშლის. მომხმარებელმა შეიძლება ინანოს ინტერნეტში ინფორმაციის გასაჯაროება და მისი წაშლა გადაწყვიტოს, თუმცა, რამდენიმე წუთში ინფორმაცია შეიძლება უკვე ბევრი ადამიანის მიერ იყოს წაკითხული, გადაწერილი, შენახული და ხელახლა გაზიარებული.
ამასთან, მომხმარებელი ვერ აკონტროლებს, თუ რას აზიარებენ სხვები ინტერნეტით. ვირტუალურმა მეგობრებმა შეიძლება უნებართვოდ განათავსონ ფოტოები, ან სხვადასხვა პირადი ინფორმაცია.
სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე და კონონის როლზე, მის მნიშვნელობაზე წარმოადგინა პრეზენტაცია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ლიზა გაბელაიამ. მან მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე მაქსიმალურად გააკეთა ძირითადი აქცენტები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები აქტიურად ჩაერთვნენ.
16 ნოემბერი ერთად აღვნიშნოთ ტოლერანტობის დღე: მრგვალი მაგიდა, დისკუსია ,, ტოლერანტობა წარმატებული საზოგადოების გარანტია"
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,მომავალი ჩვენია", სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, მომავალ დიპლომატთა კლუბი ,,მონტესკიე", მომავალ ჟურნალისტთა კლუბი ,,კალამი", ისტორიის მოყვარულთა კლუბი ,,ბაგრატიონი" ერთობლივად გამოეხმაურა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს 16 ნოემბერს
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექცია და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წარმომადგენლები. დისკუსია საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა.
ტოლერანტობა ეს თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს არის არა მარტო მორალური ვალი არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაც.
ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის ომის კულტურის მშვიდობით შეცვლას. ადამიანი ამ ქვეყანაზე გაჩენის მომენტში არც ტოლერანტულია და არც არატოლერანტული მაგრამ მას აქვს ბუნებრივი ტოლერანტობა, ის ღებულობს გარემოს ისეთს როგორიც ის არის.
”კიბერნეტიკული უხასიათობა” დისკუსია შეხვედრა ფსიქოლოგთან
შეხვედრა შედგა პროექტის ,,იცოდე შენი უფლებები და უარი უთხარი კიბერბულინგს“ფარგლებში, სადაც მოწვეული იყო ფსიქოლოგი ეკა კობალია, რომელმაც თანმიმდევრულად და ასაკის შესაბამისად მოსწავლეებთან ისაუბრა კიბერნეტიკული უხასიათობის ძირითად საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტის მენეჯერები: ეთერ გუბელაძე, მერი ჯანელიძე , მომავალ ჟურნალისტთა კლუბის მეურვე ლაშა შველიძე
1996 წელს ფსიქიკური დაავადებების ოფიციალურ კლასიფიკაციაში ახალი განყოფილება გაჩნდა – ”კიბერნეტიკული უხასიათობა”, რომელიც გამოწვეულია ვირტუალურ რეალობაში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად მიღებული სტრესითა და დაღლილობით.
ზოგი სპეციალისტი საუბრობს ე.წ. ”ინტერნეტ-დამოკიდებულების” სინდრომზე. სხვაგვარად მას ინტერნეტ ადიქცია (Internet Addiction Disorder ან IAD) ეწოდება. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ნეტაჰოლიკებს (Netaholic) ან ინტერნეტზე დამოკიდებულებს უწოდებენ.
ზოგადად ინტერნეტ დამოკიდებულება განიხილება, როგორც ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების ქვეკატეგორია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც დამოკიდებულება გამოიხატება სოციალურად მისაღები ობიექტის მიმართ. ესეც ერთ-ერთი მათგანია.
გამომწვევი მიზეზების შესახებ ერთიანი ახსნის მოდელი არ არსებობს, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ინტერნეტზე დამოკიდებულების აშლილობის გამომწვევი მიზეზები გავს ნივთიერებებზე დამოკიდებულების აშლილობებისას. ზოგიერთი კვლევა უკავშირებს ამ დამოკიდებულებას ტვინის სტრუქტურის შეცვლას - კონკრეტულად კი თეთრი და რუხი ნივთიერებების რაოდენობის ცვლილებით ტვინის წინაფრონტალურ ნაწილში. ეს ნაწილი პასუხისმგებელია დეტალების დამახსოვრებაზე, ყურადღებასა და დაგეგმვაზე. ინტერნეტზე დამოკიდებულება, როგორც დამოკიდებულების სხვა აშლილობები, გავლენას ახდენს ტვინში სიამოვნების ცენტრზე.
დამოკიდებულების ქცევა ტრიგერის როლს თამაშობს დოფამინის გამონთავისუფლებაში, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი აქტივობა სჭირდება, რომ იგივე სიამოვნებითი რეაქცია მიიღოს, რაც დამოკიდებულების განვითარებას იწვევს. კიდევ ერთი ამხსნელი მოდელი ამ აშლილობის განვითარების არის განმტკიცება.
აღსანიშნავია მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ჩართულობა აღნიშნულ შეხვედრაში.
პროექტის შეჯამება
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე მოწვეულ იქნა LDA GEORGIA წარმომადგენელი თამარ კიტოვანი.
მან ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა ადვოკატირების როლსა და მნიშვნელობაზე, სადაც დეტალურად განიხილა ის ძირითადი კომპონონტები, რაც ხელს უწყობს მთავარის და მნიშვნელოვანის გააზრებას ადვოკატირების თემატიკასთან მიმართებით.
როგორ უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზის ძიება, მოგვარების მექანიზმი.
2018-2019 წწ.
სამოქალაქო კლუბი
,,მომავალი ჩვენია“
სამოქმედო გეგმა
№
|
თემა
|
თარიღი
|
1
|
U 18 ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის
გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
|
12.10.18
|
2
|
U 18 ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის
გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
|
25.10.18
|
3
|
N 3 შეხვედრა ,,დემოკრატია და აქტიური მოქალაქეობა"
|
02.11.18
|
4
|
,,ლიდერი და სახელმწიფო"
|
16.11.18
|
5
|
ქეისებით სწავლება ,,სამოქალაქო საზოგადოება" I
|
30.11.18
|
6
|
ქეისებით სწავლება ,,სამოქალაქო საზოგადოება" II
|
06.12.18
|
7
|
,,9 აპრილი, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის"
|
12.04.19
|
8
|
,,სახელმწიფო და
კონსტიტუცია"
|
19.04.19
|
9
|
,,ადამიანი და საზოგადოება"
|
10.05.19
|
04,07, 14,
18,21,21 დეკემბერი
29.01,
14.02, 28.02, 07.03, 12.03, 29.03, 02.04
აღნიშნული დროის მანძილზე სამოქალაქო
კლუბი ახორციელებდა პროექტს ,,ევროპა
წარმატებული მომავლისათვის"
№
|
თემა
|
თარიღი
|
3
|
გუნდის წევრებს შორის ფუნქციების დელეგირება
|
04.12.18
|
4
|
გადაწყვეტილების მიღება აქტივობის ,,ევროპა ჩვენი
სახლია" წარდგენაზე
|
07.12.18
|
5
|
პროექტის
გუნდი ოფიციალურად წარადგენს ჯგუფებს აქტივობის განსახორციელებლად ,,ევროპა ჩვენი სახლია"
|
14.12.18
|
6
|
მზადება აქტივობისთვის ,,ევროპა ჩვენი სახლია"
|
18.12.18 დან 20.12.18
|
7
|
,,ევროპა ჩვენი სახლია"
|
21 დეკემბერი 2018
|
8
|
ფუნქციების დელეგირება
|
29.01.19
|
9
|
12 გაკვეთილი ევროკავშირის შესახებ N1, 2, 3,
4
|
14.02.19
|
10
|
12 გაკვეთილი ევროკავშირის შესახებ N5, 6,7, 8
|
28.02.19
|
11
|
12 გაკვეთილი ევროკავშირის შესახებ N 9,10,11,12
|
07.03.19
|
12
|
,,ევროკავშირის ლაბორატორიის" დაარსება აქტივობა: ,,ევროპა ჩვენი მომავალია"
|
12.03.19
|
|
პროექტის მონაწილეები სტუმრად ქუთაისის N19 საჯარო
სკოლაში
|
29.03.19
|
14
|
,წარსული
— მკვიდრი საძირკველია
აწმყოსი, როგორც
აწმყო-მომავლისა."
- ილია ჭავჭავაძე
|
02.04.19
|
N16 კლუბის მუშაობის შეჯამება
11.06.19
გაიმართა კლუბების შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს სკოლის დირექტორისა და კლუბის მეურვის ხელმოწერით სიგელები, რისი მეშვეობითაც დადასტურდა მათი მუშაობა წლის მანძილზე.
კლუბის მეურვემ და ლიდერმა ჯაბა სვანიძემ გააკეთა მოხსენებითი ანგარიში და მიესალმა კლუბის პირველ თაობას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სკოლის განვითარებაში არაფორმალური განათლების მიმართულებით.
კლუბის სტუმრები იყვნენ: ნიკა ახვლედიანი, თორნიკე თათვიძე და ბაჩო რეხვიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები: სალომე ჭეიშვილი და ლალი რობაქიძე, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
N15 ,,ადამიანი და საზოგადოება"
10.05.19
სამოქალაქო კლუბის შეხვედრა გახსნა კლუბის მეურვემ ნ. კალანდაძემ, რომელიც ჩატარდა თემაზე ,,ადამიანი
და საზოგადოება“. მასწავლებელმა აღნიშნა, რომ პიროვნება არის ადამიანი,
ინდივიდი თავისი ღირებულებებით, იდეებით, მოსაზრებებით და მისწრაფებებით.
ეს ყველაფერი პიროვნების ხასიათს, ქცევას განაპირობებს და განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში. პიროვნებები ქმნიან საზოგადოებას, როგორც საერთო
ღირებულებების მქონე ადამიანთა გაერთიანება, რომელსაც ერთიანი მიზანი და ფუნქცია გააჩნიათ.
ღია, პროგრესულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანს, პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ადგილი და როლი თავადვე განსაზღვროს, იმ სურვილებისა და მიზნების მიხედვით, რაც მან თავად დაისახა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია აღნიშნულ თემაზე.
სადისკუსიო კითხვები
1. როგორია თქვენთვის პიროვნებისა და მოქალაქის როლი საზოგადოებაში?
2. უყალიბებს თუ არა სკოლა მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს,რომელიც პიროვნებად
და საზოგადოების ღირსეულ წევრად აყალიბებს მათ?
კლუბის წევრებისთვის შეხვდრა უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მოსწავლეები დისკუსიის დროს აქტიურად ჩაერთვნენ დააფიქსირეს თავიანთი შეხედულებები პიროვნების როლსა და მნიშვნელობაზე საზოგადოებაში.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები: სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.
კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე
შეხვედრა N14 ,,სახელმწიფო და კონსტიტუცია"
19.04.19
,,სახელმწიფო და კონსტიტუცია“
კონსტიტუცია
სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ის პრინციპები
და ღირებულებები, რომელიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას.
ასეთ სახელმწიფოში უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. კონსტიტუციაში გამოხატულია დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპები. ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას.
მრგვალი მაგიდის პრინციპით წარმოდგენილმა კლუბის წევრებმა დისკუსიის რეჟიმში, განიხილეს კონკრეტული საკითხი, მათ ხაზი გაუსვეს მოქალაქის როლსა და მის უფლება-მოვალეობებს, რომელიც კანონის უზენაესობის აღქმითა და პასუხისმგებლობებით აქტუალურ სამოქალაქო საზოგადოებას აყალიბებს. ბოლოს, კლუბის მეურვემ შეაჯამა და შეაფასა შეხვედრა.
შეხვედრა N 13 ,,9 აპრილი, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის"
12.04.19
სამოქალაქო
კლუბის მეურვემ 9 აპრილთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა კლუბის წევრებთან, რომელთაც
კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახეს ამ დღის როლი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველი
ხალხის თავისუფლებისთავის ბრძოლის საქმეში.
აღინიშნა იმ დროის ახლგაზრდების სამოქალაქო ცნობიერება და ქვეყნის საჭიროებების სწორი ხედვა, რომელიც სწორედ რომ მოითხოვდა სიტყვის და ნების გამოხატვას იმ ფორმით, რაც გულისხმობს მშვიდობიან დემონსტრაციებს.
შედეგი იყო ,,საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება“, რომელსაც ეს პროცესები უძღოდა წინ.
კლუბის მეურვემ ნ. კალანდაძემ ისტორიული დოკუმენტური კადრები წარმოადგინა, ასევე ფოტო მასალა, რომელიც ასახავდა ამ ისტორიული მნიშვნელობის დღეს.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, დააფიქირეს თავიანთი მოსაზრებები და შეაფასეს წარმოდგენილი და განხილული საკითხი.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები: სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.
კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე
N7, N8, N9, N10, N11, N12,
04,07, 14, 18, 21 დეკემბერი
29.01, 14.02, 28.02, 07.03, 12.03, 29.03, 02.04
აღნიშნული დროის მანძილზე სამოქალაქო კლუბი ახორციელებდა პროექტს ,,ევროპა წარმატებული მომავლისათვის"
,,ევროპა წარმატებული მომავლისათვის"
შეხვედრა N 6
06.12.18
ქეისებით სწავლება ,,სამოქალაქო საზოგადოება" II
დღევანდელი შეხვედრა კლუბის მეურვემ
ნ. კალანდაძემ მოსწავლეთა ინტერესის
გათვალისწინებით ქეისებით სწავლებას დაუთმო.
შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლემ განივითაროს დამოუკიდებელი
აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენის და ალტერნატიული შეხედულების გაზიარების უნარი, შეძლოს
საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემა.
აღნიშნული
მიზნის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები შეუდგნენ მუშაობას.
კლუბის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორი ქეისი.
1.ქეისი
დედა სთხოვს დათოს, რომ მასთან ერთად წავიდეს
თეატრში, თუმცა მას არ სურს ეს. ურჩევნია
სახლში დარჩეს და ფილმს უყუროს, რომელიც ოსკარზეა ნომინირებული.
დედა ხაზს უსვამს, რომ თეატრი სულიერი საზრდოა, ესთეტიური
გემოვნების ჩამომყალიბებელია და ასევე თეატრში ადამიანი სწავლობს საზოგადოებაში ქცევის
კულტურას რომელიც მას დახვეწილ და გაწონასწორებულ პიროვნებად აყალიბებს.
თუმცა, დათო მაინც არ იზიარებს დედის აზრს და თეატრში
წასვლა და სპექტაკლზე დასწრება მას მოსაწყენ საქმიანობად მიაჩნია.
დედას მარტო უწევს თეატრში წასვლა.
ხედავთ თუ არა ამ შემთხვევაში ურთიერთგაგების პრობლემას
და რაში მდგომარეობს ის?
რაზე მეტყველებს დედისა და დათოს სხადასხვა ინტერესი
და დამოკიდებულება თეატრთან დაკავშირებით?
2 ქეისი
ახაგაზრდებმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ ბუნებაში პიკნიკზე. შესაბამისად, თან წაიღეს საკვები
და გამაგრილებელი სასმელები. შეარჩიეს მყუდრო ადგილი და შეუდგნენ მხიარულებას. დღემ
სასიამოვნოდ ჩაიარა. როდესაც დაიწყეს ნარჩენების შეგროვება და მოათავსეს ის პოლიეთილენის
პარკში, ახლომახლო არ აღმოჩნდა სანაგვე ურნა, თუმცა იყო დანაგვიანებული ადგილი და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო თან წაეღოთ
თავიანთი ნარჩენები, მათ ის იქვე ხის ძირას დატოვეს უკვე არსებულ ნარჩენებთან ერთად
და წავიდნენ სახლში.
როგორ შეაფასებთ ამ შემთხვევას?
რა ალტერნატიული გზების ძიება შეიძლება, რომ თავიდან
ავიცილოთ ბუნების დანაგვიანება?
პირველი ქეისის განხილვის შემდეგ, მოსწავლეებმა იმსჯელეს და მივიდნენე
იმ დასკვნამდე, რომ თეატრალური ჩვენებები სულიერი
საზრდოა ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ისინი
თეატრში უფრო მეტად შიეგრძნობენ ნამდვილ ჭეშმარიტ ემოციებს, რომელიც
მათ აზიარებს მაღალი დონის ხელოვნებასთან.
რაც შეეხევა მეორე ქეისს, მოსწავლეებმა ისაუბრეს
იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც მათ ირგვლივ
არსებობს; ხაზი გაუსვეს იმას, რომ თავადაც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობენ აღნიშნული
სიტუაციის არსებობას. დიდი მსჯელობის შემდეგ
მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ქეისში ასახული სიტუაცია არ არის სწორი და ამიტომ ყველამ
ერთად უნდა იზრუნონ გარემოში ჯანსაღი სიტუაციის შენარჩუნებისთვის.
დღევანდელმა შეხვედრამ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ
მისცა იმის შესაძლებლობა, რომ კრიტიკულად განეხილათ თითოეულ ქეისში წარმოდგენილი ინფორმაცია, გამოეკვეთათ
მთავარი პრობლემა, პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
რის შედეგადაც მათ შეიმუშავეს პრობლემის გადაჭრაზე მიმართული იდეები.
თანამშრომლობითმა გარემომ
მოსწავლეებს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გახსნილიყვნენ და თამამად წარმოედგინათ
თავიანთი შეხედულებები კონკრეტული საკითხების მიმართ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები: სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.
კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე
შეხვედრა N5
30.11.18
ქეისებით სწავლება ,,სამოქალაქო საზოგადოება" I
ქეისებით
სწავლების ძირითადი დანიშნულებაა
რომ, მოსწავლეები მოემზადონ რეალური ცხოვრებისთვის. ეს არის ეფექტური
მეთოდი სასწავლო-სააზროვნო უნარების განსავითარებალად. აქედან გამომდინარე, დღვანდელი
სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა მიეძღვნა სწორედ, რომ ქეისებით სწავლებას.
კლუბის მეურვემ
ნ. კალანდაძემ მოსწავლეთა ჯგუფს წარუდგინა
წინასწარ მათთვის მომზადებული ქეისები, როგორც
დამატებითი კითხვების, ისე დამატებითი ინფორმაციის სახით.
1
ქეისი
ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება
ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ასევე უფლება აქვს იჯდეს და ისე გადაადგილდებოდეს
სასურველი მარშრუტით. თუმცა, ხშირად ადგილების სიმცირის გამო მგზავრთა ნაწილს ფეხზე
დგომა უწევს. ერთ-ერთ გაჩერებაზე ამოვიდა მოხუცი ქალბატონი და ფეხმძიმე ქალი, რომელთაც
უჭირთ ფეხზე მდგომს მგზავრობა. ამ დროს წამოდგა ორი შუა ხნის ქალბატონი და თავისი ადგილი
დაუთმეს მათ. მარშუტში მსხდომმა ახალგაზრდებმა კი ჩვეულებრივ განაგრძეს მგზავრობა.
როგორ
შეაფასებდით ახალგაზრდების რეაქციას ამ ფაქტთან დაკავშირებით?
გთხოვთ
წარმოადგინოთ არგუმენტები პრეზენტაციის დროს.
2 ქეისი
ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა.
ერთ დილას ცოლი ადგა, ფანჯარაში გაიხედა და დაინახა მეზობელი, რომელიც იქვე თოკზე სარეცხს ფენდა.
- ღმერთო, შეხედე ჩვენ მეზობელს რა ჭუჭყიანი სარეცხი გამოუტანია გასაშრობად - უთხრა ქმარს, თუმცა ეს უკანასკნელი გაზეთს კითხულობდა და დუმდა.
- ალბათ ცუდ სარეცხ საშუალებას ხმარობს ან რეცხვა საერთოდ არ იცის, თუ მოვახერხებ უნდა ვასწავლო - ვერ წყნარდებოდა ქალი.
და ამის შემდეგ ყოველ დილით ერთი და იგივე მეორდებოდა.
ცოლი ფანჯრიდან იყურებოდა და მეზობლის ჭუჭყიან თეთრეულზე ლაპარაკობდა.
ერთ დღესაც ცოლმა ჩვეულებრივ ისევ გაიხედა ფანჯარაში და გაოცებით შესძახა:
- ღმერთო, შეხედე რა სუფთაა მისი თეთეული, როგორც ჩანს რეცხვა უსწავლია"
- არა, ძვირფასო - უპასუხა ქმარმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა - ეს მე ავდექი დილით შენზე ადრე და ჩვენი ფანჯრები გავწმინდე.
რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა ხედვამ პიროვნებისა და მისის
საქმის შეფასებისას?
როგორი პიროვნული დამოკიდებულება მჟღავნდება ცოლ-ქმარს შორის?
თითოეულ
ქეისში წარმოდგენილია
ისეთი სიტუაცია, რომელიც მოსწავლისგან მოითხოვს პრობლემის გადაჭრას ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების გზით.
მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა დაიწყეს პრობლემაზე მუშაობა, პედაგოგმა
მათ მისცა საშუალება, რომ დამოუკიდებლად
წარემართათ სამუშაო პროცესი. თავად კი ფასილიტატორის
როლს ასრულებდა. კლუბის წევრებმა გაანალიზეს თითოეული
სიტუაცია და აღნიშნეს, ახალი თაობის მოვალეობაა, რომ იზრუნონ ასაკოვან ადამიანებზე და გაუფრთხილდნენ მათ , რადგან
,,ოდესღაც ჩვენც დავბერდებით“. ასევე ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს კრიტიკულ ვითარებაში ერთმანეთის მდგომარეობა და დახმარების ხელი გაუწოდონ მათ ვისაც
ძალიან სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს
მეორე ქეისი და აღნიშნეს, რომ ადამიანებმა ერთმანეთში აუცილებლად უნდა დაინახონ
დადებითი და ვიდრე სხვას გაკიცხავდნენ და დაადანაშაულებდნენ კარგად დაფიქრდნენ იქნებ მათშია პრობლემა .
საინტერესო იყო კლუბის
თითოელი წევრის გამოსვლა. დღეს მათ შეძლეს,
რომ კრიტიკულად განეხილათ თითოეული ქეისი და
თანამშრომლობით გარემოში მისულიყვნენ სწორ
დასკვნამდე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები: სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.
კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე
N4 შეხვედრა ,,ლიდერი და სახელმწიფო"
16.11.18
სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება გახდეს ისეთი დემოკრატიული ღირებულებების და პრაქტიკის დამკვიდრების ადგილი, როგორიცაა ტოლერანტობა, თანხმობა, კომპრომისის მონახვის სურვილი, განსხვავებული აზრის პატივისცემა. სწორედ ეს შეადგენს სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე ფუნქციას.
ეს ღირებულებები და ნორმები ყველაზე სტაბილური ხდება მაშინ, როდესაც ისინი წარმოიქმნება გამოცდილებიდან, და სამოქალაქო საზოგადოებაში მონაწილეობა ამ მხრივ დიდ გამოცდილებას იძლევა.
შეხვედრაზე ჯგუფები მსჯელობდნენ ლიდერისა და სახელმწიფოს ფუნქციებზე, იმ თვალთახედვით, რაც მათ სწორად მიაჩნდათ. შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა სახელმწიფოს 5 ძირითადი ნიშან-თვისება:
სახელმწიფო „უზენაესია“ და იგი აბსოლუტურ და შეუზღუდავ ძალაუფლებას ახორციელებს, რამდენადაც ნებისმიერ საზოგადოებრივ გაერთიანებასა თუ ჯგუფზე მაღლა დგას.
სამოქალაქო საზოგადოებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსტიტუტები იმთავითვე „საჯარო“ ხასიათისაა. ანუ სახელმწიფო დაწესებულება პასუხისმგებელია კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელებაზე, მაშინ როცა ოჯახი, კერძო ბიზნესი პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება.
სახელმწიფო კანონიერების აღსრულებას გულისხმობს. მისი გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, საზოგადოების ნების გამოხატულებაა და იგულისხმება, რომ საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვითაა განპირობებული. ამდენად, სახელმწიფო საზოგადოების მუდმივი ინტერესების დამცველად ითვლება.
სახელმწიფო ბატონობის საშუალებაა, რადგან მისი ავტორიტეტი იძულებას ემყარება; მას უნდა შესწევდეს უნარი, სათუოდ არ გახადოს არც კანონის მორჩილება, არც კანონდამრღვევთა დასჯა.
სახელმწიფო ტერიტორიალური გაერთიანებაა; მისი იურისდიქცია გეოგრაფიულადაა განსაზღვრული და ვრცელდება ყველაზე, ვინც მის საზღვრებში სახლობს, მიუხედავად იმისა ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან თუ არა. საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო (თეორიულად მაინც) ავტონომიურ ერთეულად მოიაზრება.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები: სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.
კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე
N 3 შეხვედრა ,,დემოკრატია და აქტიური მოქალაქეობა"
02.11.18
არაფორმალურ განათლებას სკოლებში დიდი მნიშვნელობა აქვს,
მოსწავლეების სამოქალაქო განვითარებისათვის, იმ უნარ-ჩვევების შეძენისა და დახვეწისთვის,
რაც საშუალებას მისცემს მათ, ცხოვრებაში რეალურად გამოიყენონ ის ცოდნა, რასაც საგაკვეთილო
პროცესიდან იღებენ.
,,სამოქალაქო კლუბის“ ლიდერის არჩევნები ,,საერთაშორისო
სტანდარტებს“ გაუტოლდა. ყველა წესის დაცვით წარსდგნენ კანდიდატები ამომრჩევლის (კლასელების,
უფროსკლასელების თუ მეგობრების) წინაშე. თავიანთი საარჩევნო პროგრამის წარდგენამდე
მიმოიხილეს კლუბის განვლილი წლების პროექტები, საკვლევი საკითხები, შეხვედრები, მიზნები
და შედეგები, რითაც თვალსაჩინო გახადეს კლუბის როლი მოსწავლეთა ცნობიერებასა და ცხოვრებაში.
კანდიდატ ლიდერებს პროგრამები რეალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით ჰქონდათ შედგენილი
და მიზნად ისახავდნენ კლუბის მონაწილენი მეტად ჩართულიყვნენ საკლუბო საქმიანობაში და
გამოემუშავებინათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც სასიცოცხლო და აუცილებელია 21-ე საუკუნის
რეალობაში.
პირველი შეხვედრა სამოქალაქო კლუბის მეურვემ, ლიდერმა
და მისი გუნდის წევრებმა ,,დემოკრატიას“ მიუძღვნეს.
მათ თავიანთ მეგობრებს გაახსენეს მმართველობის ფორმები
და მათი ფორმირების მიზეზები. ისინი შეეცადნენ, აეხსნათ ძირითადი პრინციპები მათ მიერ
ჩამოთვლილი მმართველობების, ამ რეჟიმის ქვეშ მცხოვრები მოქალაქეების უფლებები, მოვალეობები,
აკრძალვები თუ უუფლებობა. ხაზი გაუსვეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანთა თავისუფალი
ნების ძალას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყნის განმავითარებელი პრინციპებია.
მათ აინტერესებდათ, რას ფიქრობდნენ სახელმწიფო მართვის ფორმებზე და
ეთანხმეოდნენ თუ არა მომხსენებლებს. ძალიან ბევრმა გამოიჩინა ინიციატივა, საკუთარი
აზრი დაეფიქსირებინა აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით. მოსწავლეები ერთმენეთს პატივისცემით
ეპყრობოდნენ, გულდასმით უსმენდნენ ერთმანეთს და საპირისპირო მოსაზრების შემთხვევაში
კორექტულად რთავდნენ თავიანთ მოსაზრებას.
კლუბის მეურვემ
ნ.კალანდაძემ და სტაჟირებაზე მყოფმა ისტორიის
ბაკალავრმა ს.ჭეიშვილმა ერთად მოიფიქრეს
სიტუაციური ქეისები, რომლის გათამაშება შეძლო რამდენიმე მოხალისემ. 3 შემთხვევა გათამაშდა
სცენაზე მოხალისეთა მიერ, ხოლო კლუბის წევრებს მიეცათ დავალება, ამოეცნოთ სიტუაციები,
გაეანალიზებინათ და ემსჯელათ რას შეეხებოდა ეს აქტივობა, რა კავშირი ჰქონდა მას სახელმწიფო
მმართველობის ფორმებთან, კერძოდ დემოკრატიასთან.
I სიტუაცია:
ერთი
მოსწავლე რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა, ანაწევრებდა მას და ძირს ყრიდა. ხოლო, მეორე
მოსწავლე, რომელიც აქტიური მოქალაქის როლს განასახიერებდა, იღებდა და ასუფთავებდა მისი
ნებით, რითაც ცდილობდა გარემო დანაგვიანებისგან
გადაერჩინა.
II სიტუაცია:
გასაუბრებაზე
დამსაქმებელთან ორი ახალგაზრდა მიდის წარმოდგენილი CV-ით, სადაც მითითებულია მათი ცოდნის ამსახველი დოკუმენტები
და გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში გააჩნიათ. გასაუბრების შემდეგ დამსაქმებელი ასაქმებს
იმ ახალგაზრდას, რომელსაც გავლილი აქვს ის კურსი, რომელიც კომპანიას სჭირდება, ხოლო
ის ახალგაზრდა, რომელიც მონდომებულია რომ ისწავლოს და გაიაროს ეს კურსი დაუსაქმებელი
რჩება. მთავარი ისაა, რომ დამსაქმებლისთვის ის პიროვნება მეტად ღირებულია, რომელსაც
მოსამზადებელი ტრენინგი არ სჭირდება, რის გამოც კომპანია დროს და სახსრებს დაზოგავს.
III სიტუაცია
ამ
სიტუაციის გადათამაშება ორ მოსწავლეს შორის
მიმდინარეობს, სადაც ერთი აღნიშნავს, რომ საჭიროა და მოქალაქის ვალია, რომ წავიდეს
არჩევნებზე და ისიც მიდის. -თუმცა მეორეს არ სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და
ამ პირველის თხოვნის თუ მისთვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეხსენების მიუხედავად,
მაინც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. (დემოკრატიული სახელმწიფოში ყველას
აქვს იმის უფლება აკეთოს ის, რაც სურს, თუმცა ამით არ შელახოს სხვისი უფლებები)
მოსწავლეებმა გაანალიზეს თითოეული შემთხვევა.
აღნიშნეს, ადამიანის
დამღუპველი როლი გარემოს დაბინძურების საქმეში და ასევე მცდელობა სხვა დანარჩნის, გაუფრთხილდნენ
ბუნებას, რომელიც ყოველი არსების მაცოცხლებელი წყაროა. გამოთქვეს პრევენციის გზები,
რომელიც თავიდან ააცილებს დედამიწას კატასტროფას.
იმსჯელეს დღევანდელ გამოწვევებზე დასაქმების სფეროში.
იმ ძირითად მოთხოვნებზე, რომელიც აუცილებელი პირობაა დასაქმების. რომ ამ შემთხვევაში
დამსაქმებელი სწორად მოიქცა და გამოცდილი კადრი აიყვანა სამსახურში, რომლის გადამზადებაზე
მას დრო და ფული აღარ დაეხარჯება და ასევე მეტად სანდო იქნება თავის საქმეში.
მე-3 სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა არ მოუწონეს
იმ ადამიანს ქმედება, რომელიც არ წავიდა არჩევნებზე და მისი ინდიფერენტული დამოკიდებულება
ქვეყნის მომავლის გადაწყვეტის საქმეში, სადაც თითოეული ხმა გადამწყვეტია. ყოველი მოქალაქე
პასუხისმგებელია იმ ქმედების, რომელიც ქვეყნის განვითარების წინაპირობა და პლაცდარმი
უნდა გახდეს.
კლუბის ლიდერმა და კოორდინატორებმა შეაჯამეს შეხვედრა
და საკუთარი აზრი დააფიქსირეს მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. მათი გამოსვლა
მართლაც შთამბეჭდავი იყო, აკადემიური მეტყველება, საკითხის ღრმად წვდომის უნარი და
აუდიტორიის ფლობა ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ყოველი მოსწავლის წარმატებისკენ.
შეხვედრა N2
25.10.18
U 18 ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
მიზანი:
მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პროირიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე
აიმაღლონ საარჩევნო კულტურა.
პროექტს ახორციელებს:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ორგანიზაციების „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის
განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით.
2018 წლის 25 ოქტომბერს
ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლა ჩატარდა არჩევნები ორი მიმართულებით: აირჩიეს სასურველი სუბიექტი პროექტში U 18 და სამოქალაქო კლუბში ,,მომავალი ჩვენია" აირჩიეს კლუბის ლიდერი ჯაბა სვანიძე, მენეჯერის პოზიცია დაიკავა მარიამ სოფრომაძემ, კოორდინატორები გახდნენ მერი ხარბედია და მათე შეველიძე.
საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდები თეორიულ ნაწილთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას იმიტირების გზით.
მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და ზოგადად სკოლის ცხოვრებაში, ქვეყნის მომავლისათვის. მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის!
შეხვედრა N1
12.10.18
U 18 ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
მიზანი:
მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პროირიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე
აიმაღლონ საარჩევნო კულტურა.
პროექტს ახორციელებს:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ორგანიზაციების „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის
განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით.
2018 წლის 23 ოქტომბერს
ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლა სკოლაში შედგა შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან, მოსწავლეები წინასწარ გაეცვნენ პროექტში მოცემულ პროგრამას. საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდები თეორიულ ნაწილთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას იმიტირების გზით.
მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან კლუბის ,,მომავალი ჩვენია" ლიდერობისთვის, წარმოადგინეს პროგრამები ჯანსაღი კონკურენციის გარემოში. შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მათი მომავალი განვითარებისთვის.კლუბის ლიდერობის კანდიდატები არიან: მარიამ სოფრომაძე, ჯაბა სვანიძე, მერი ხარბედია, მათე შველიძე. მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის!
Комментариев нет:
Отправить комментарий